საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა. ჯაფარიძემ გაიხსენა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, როდესაც იგი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ ისეთი ტყვიები ჰქონდა შემოტანილი, რომ რვა თვე ფეხზე ვერ გაივლიდნენ. “ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში. ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო – ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები.” – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.