ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე-ცხადი გახდა, რომ ეს ღამე დაძაბული იქნებოდა. მე და გიორგი მამაცაშვილი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ ჩვენს მიმართ შესაძლოა რაიმე ექსცესი განხორციელებულიყო-დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი

„ამბავი გავრცელდა, რომ კოლმეურნეობის მოედნის მხრიდან ამოდიოდნენ სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები. მე პირადად ჩავედი კოლმეურნეობის მოედანზე და საკუთარი თვალით ვნახე ავტობუსების კოლონა, რომელიც მოდიოდა და ბანაკდებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე.ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ღამე იქნებოდა დაძაბული“- განაცხადა ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებზე საუბრობს. როგორც ბექა სივსივაძე იხსენებს, სპეცრაზმს გიორგი მამაცაშვილმა გამაფრთხილებლად უთხრა „ჟურნალისტები ვართო“ და პრეს ბარათი ასწია, რა დროსაც ერთ-ერთი პირველი რეზინის ტყვია გიორგის კიდურებში მოხვდა. მისი თქმით, დაახლოებით 40-მდე ტყვია მოგვხვდა მას და გიორგის. ასევე, იხსენებს, როგორც ჩაარტყეს ხელკეტი სპეცრაზმელებმა, რა დროსაც გაითიშა და როდესაც თვალი გაახილა წყლის გუბეში ჰქონდა თავი ჩარგული და ხელები პლასტმასის ხელბორკილით შეკრული. „აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. გახდა თუ არა 12 საათი, ისეთი პროცესები განვითარდა, რაც მხოლოდ საშინელებათა ფილმში შესაძლოა ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმმა გახსნა ცეცხლი. ეს იყო წყლის ჭავლი, ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა. რაც მე ვნახე, კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი ჩაკეტილი იყო, სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად, მე და გიორგიმ [მამაცაშვილი] ვცადეთ, რომ ამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსთან, კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც სპეცრაზმელები იყვნენ. ამის შემდეგ მე და გიორგი წავედით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით, რომ ქვემოთა მხრიდან სპეცრაზმელების დიდი ტალღა ამოდიოდა. მე და გიორგი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ რაიმე ექსცესი შესაძლოა ჩვენს მიმართ განხორციელებულიყო. იმდენად მივუახლოვდით სპეცრაზმს, რომ დაახლოებით 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენს შორის და გამაფრთხილებლად გიორგიმ მაინც შესძახა, რომ ბიჭებო, ჟურნალისტები ვართო და პრეს ბარათი ასწია. მათ ხელში მომარჯვებული ჰქონდათ შესაბამისი იარაღი, როგორც გაირკვა რეზინის ტყვიებს ისროდნენ. პირველი ტყვია გიორგის მოხვდა ქვემო კიდურებში, რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა. მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი. ვეცადეთ, სირბილით წამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსკენ. მეტრო გადაკეტილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებს. ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა, რომ „ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლებელია ჩვენთვის გამონახეთ ადგილი, რომ გავჩერდეთ“, სწორედ ამ დროს ისინი წამოგვეწივნენ, ვინც ტყვიებით უკვე გადაგვცხრილეს და მე თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე. არ მახსოვს, რამდენი წუთით ვიყავი გონებადაკარგული. როდესაც თვალი გავახილე წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასტმასის ხელბორკილით შეკრული“-განაცხადა ბექა სივსივაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება