ჩოხატაურში, მამუკა კალანდაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩოხატაურში ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მამუკა კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამარჯვება მოიპოვეს და პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა: I ადგილი – ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, II ადგილი – გიმნაზია “სამრევლო”, III ადგილი – ბუკნარის საჯარო სკოლა.

საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები მამუკა კალანდაძის ძმამ თამაზ კალანდაძემ გადასცა.

ტურნირს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ვეტერანები.

აღსანიშნავია, რომ მამუკა კალანდაძის მემორიალური ტურნირი ჭაბუკთა შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით 2023 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

მამუკა კალანდაძე 1960 წლის 13 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დაიბადა. ის ეროვნული გვარდიის ოზურგეთის სწრაფი რეაგირების მეთვრამეტე ბატალიონის ჩოხატაურის ცალკეული ასეულის მეთაურის მოადგილე იყო. მამუკა კალანდაძე დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, აჩადარაში.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება