იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური “შიპებიანი” ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა, – ამის შესახებ 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულმა დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველზე სასტიკად ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ. ჭიჭინაძის განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთანაც მიიღო ხელკეტით 25-მდე დარტყმა. “ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი, ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, რიგები იდგა ავტობუსის პოლიციის სამმართველოსთან – ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით კიდევ რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს და 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში,” – აღნიშნა ჭიჭინაძემ.