„თუ ვინმემ უსასყიდლოდ და “გულანთებულად” განიზრახა თავისი ცნობადობის ხარჯზე, კაცობრიობის და მათი ხელისუფლებების მოუშუშებელ ცოდვებზე “მხილების სეანსების” ჩატარება და ამ საპატიო მისიის მორგება – ეს კიდევ არა უშავს“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ექსპერტი პირს, რომელიც ხელისუფლების არ არსებულ ცოდვებს ებრძვის დონ კიხოტს ადარებს. „თუ ვინმემ უსასყიდლოდ და “გულანთებულად” განიზრახა თავისი ცნობადობის ხარჯზე, კაცობრიობის და მათი ხელისუფლებების მოუშუშებელ ცოდვებზე “მხილების სეანსების” ჩატარება და ამ საპატიო მისიის მორგება – ეს კიდევ არა უშავს: იდეალური, უცოდველი და უღალატო (ანუ – ბუნებაში არარსებული) მმართველი სისტემის მაძიებელი ეს “დონ კიხოტი” ადრე თუ გვიან დაიღლება რეალური “მეწისქვილის” პირობებში “ქარის წისქვილებთან” უშედეგო ბრძოლით და დაუბრუნდება თავის “დულსინეას”. სხვა ამბავია, როდესაც ამას “სამსახურებრივად” აკეთებს და რეალურად კვლავ “ორი ტრუპის” დაკვეთას ასრულებს, ვინაიდან “პრემია იქნება დიდი” – და ეს ფინანსური “პორტალი” მას უკვე გაუხსნეს აშუშუს “დახურული ფონდებიდან”. ვინაიდან ეს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმავალი ახალი, პერსპექტიული, “არანაცური” მიმართულებაა და ფინანსურად გაცილებით უფრო იაფი. თუ მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები ჩახშული გაქვს და ამ მისიას მოკიდე ხელი – მცირე, თუმცა სტაბილური შემოსავლის პირობებში, წაუგებელი პოზიცია გიკავია: უბრალოდ ყოველდღე უნდა გაამახვილო შენი ყურადღება ხელისუფლების არასრულყოფილების ამა თუ იმ გამოვლინებაზე. არა! ამავდროულად პრაქტიკული რჩევა მისცე, წინადადებით შემოხვიდე შენი “საექსპერტო” გამოცდილებიდან გამომდინარე – ამას უკვე პატრიოტიზმი ჰქვია, რომელშიც ფულს არ გიხდიან. შენს ამოცანას კი სულ სხვა ეფექტის გაღვივება წარმოადგენს ამ წუთისოფლის არასრულყოფილებით დამძიმებულ მოსახლეობაში – “გვეშველება რამე?”. და შენვე, დიდი სიამოვნებით პასუხობ მას: “არა!”. ხოლო ნეგატიური ემოციების “საინიექციო შპრიცზე” შემჯდარი მოსახლეობა, მადლიერებით გეხმაურება: “ეგრეც ვიცოდი!“ – წერს დავით ქართველიშვილი.