“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ” – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სესიაზე მისი გამოსვლის მთავარ აქცენტს წარმოადგენდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, ამ კონტექსტში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საჭიროება.
მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე, საქართველოს მხრიდან ევროპის რეგიონში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გამახვილდა ყურადღება, კერძოდ, აქცენტი გაკეთდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გამოყენებულ ორმაგ სტანდარტებზე. „თუ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი აქვს გასული 10 წლის განმავლობაში რეფორმების, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს ყველა ის მონაცემი, რაც კი არსებობს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება და ესეც, რა თქმა უნდა, იყო ჩემი გზავნილი ევროპის საბჭოს მინისტერიალზე“ – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში, მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მან ეს შეხვედრები კოლეგა მინისტრებისთვის საქართველოსთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ჩვენს პარტნიორებს შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის გვქონდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საქართველოს შესახებ იყოს სწორი მოსაზრებები, ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები წარვმართოთ სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.