ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

„რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც,” – ეს კითხვა დაუსვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ უკანასკნელმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა.

ეკა სეფაშვილმა მნიშვნელოვნად შეაფასა კომისიის მიერ ამ დროისთვის გაწეული საქმიანობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოიკვეთა მაღალი ინტერესი. ეს, მისი თქმით, იმ გამოხმაურებებითაც ჩანს, რაც უკვე მოჰყვა მოსახლეობაში კომისიის საქმიანობას.

„დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ზოგადად, თქვენი ხელმძღვანელობით ამ კომისიის მუშაობის ასეთ მაღალ დონეზე წარმართვისათვის. მადლობა თქვენ და კომისიის თითოეულ წევრს, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად არანორმალური ფსიქოლოგიური დატვირთვის ხარჯზე უძლებთ იმ დიდ წნეხს, რასაც ჰქვია ხელმეორედ ამ საშინელებების პირისპირ მოსმენა და სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც იგებთ ასეთ შემზარავ ფაქტებს, რასაც მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილი პირველად ისმენს, ხოლო ზოგიერთისთვის შეხსენებაა იმ ტკივილის, რაც იმ წლებში განიცადა. ბევრჯერ მკითხა საზოგადოებამ და ჩვენს მომხრეებს, საქართველოს განვითარების მომხრეებს და გულშემატკივარ ადამიანებს აინტერესებთ, როდესაც კომისია მუშაობას დაამთავრებს, რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც.

ასევე, მეორე კითხვაც მაქვს. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ დასვეს საკითხი იმის შესახებ, რომ კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით ხომ არ იფიქრებდით რაიმე სპეციალური ღონისძიების ორგანიზებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული ელჩების კორპუსისათვის. იმისთვის, რომ სპეციალური ღონისძიება შევთავაზოთ ამ კომისიაზე გამოვლენილი და საზოგადოებისთვის ხელახლა შეხსენებული საზარელი ფაქტების შესახებ, რაც საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა გაიარეს ამ ავადსახსენებელ წლებში და როგორ ცდილობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, 2012 წლის შემდეგაც, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და მავნებლობას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სასურველია, კომისიის დასკვნა რაც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება