ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარლამენტშ დამტკიცების გადავადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს გადავადება თავისი არსით ტექნიკურია
„რეალურად, საუბარია 2-3 თვეზე. გადავადების მიზეზი იყო ის, რომ ორჯერ გახანგრძლივდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი. თუ მანამდე, პარლამენტის დადგენილებით, კომისიას უნდა გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის მანდატი 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა, შესაბამისად, კომისიას საკუთარი სამუშაოს წარსამართად დასჭირდა მეტი დრო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადადის ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე, აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასკვნის დამტკიცება შეეძლება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მაღალ შედეგს აჩვენებს, ხომ არ გაართულებს ეს ამ პარტიების აკრძალვას, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ერთი შეხედვით ერთადერთი არსებითი საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.
„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, ჯამში მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.