სოზარ სუბარი: 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბათუ ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ნუ ეცდებიან ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს ამოაფარონ თავისი ბინძური საქმეები „ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰიუმან რაითს ვოთჩს“ მისცა ჩვენება და ქართულ ჯარს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება,“- განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მრავალმილიონიანი ბრილიანტების ყიდვით იყო დაკავებული, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია კი ტაბახმელასა და კოჯორში მიწების შეძენით. „კომისიის სხდომებს ბევრი ადამიანი უყურებს და გარკვეულ ინფორმაციებსაც გვაწვდიან. ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა, კომისიის სხდომაზე თქვა, ბათუ ქუთელია ომის დღეებში ტაბახმელასა და კოჯორში მიწებს ყიდულობდაო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გია იაკობაშვილმა მომწერა, რომ 2009 წელს ბათუ ქუთელიას მხრიდან მიწების ყიდვასთან დაკავშირებით პირველად გამოაქვეყნეს მასალა. ჰქონდათ კიდეც შესაბამისი დოკუმენტაცია და გვთავაზობს, რომ რეესტრიდან გამოვითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, იმის დასადგენად, თუ როდის მოხდა მიწების ყიდვა. როგორც ის იხსენებს, ეს არის 10 აგვისტოს შემდგომი დღეები. ანუ რა გამოდის – ამბავი ატეხა ოპოზიციამ, თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. არადა ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დღეებში, მაშინ როცა ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც არ იყო და პატრიარქისა და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება არც კი ფიქრობდა არაფერს, ამ დროს თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია კი სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ბუნებრივია მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა. ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰიუმან რაითს ვოთჩს“ მისცა ჩვენება და ქართულ ჯარს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება – თითქოს ისინი ისროდნენ კასეტურ ბომბებს ცხინვალში, მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით. კასეტური ბომბის გამოყენება აკრძალულია ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და მისი გამოყენება წარმოადგენს ომის დანაშაულს. ანუ სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ. გავიხსენებ კომისიის სხდომაზე მოწვეული ბექა ძამაშვილის განცხადებას, „იმის მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა“. საწინააღმდეგოს დამტკიცება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ, იმ კომისიამ, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და ჩვენმა ორმა მოწმე გენერალმა, რომლებიც კომისიაზე გვყავდნენ მოწვეული ახსნა-განმარტებისთვის. მათ თქვეს რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და როდესაც ასეთ რამეს აბრალებ ქართულ ჯარს, ეს არის მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ. ასევე მოვიყვან მამუკა ყურაშვილის ციტატას „ვეთანხმები ბექა ძამაშვილს, ეს არის მტრული განცხადება, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება სხვა რამე დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია“. ანუ ქართული სახელმწიფოს მტერს, ამ შემთხვევაში მამუკა ყურაშვილი, რომლის სახელსაც ცდილობენ, რომ ამოეფარონ, უწოდებს ბატონ ბათუ ქუთელიას და ბატონ სერგი კაპანაძეს. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასე რომ ნუ ეცდებიან ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს ამოაფარონ თავისი ბინძური საქმეები,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.