გურამ მაჭარაშვილი: თუ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სუვერენიტეტს საბჭოთა ხელისუფლება საბჭოთა ჯარებით ებრძოდა, დღეს სუვერენიტეტს საქართველოში ევროკავშირის ბიუროკრატია ებრძვის დეზინფორმაციით და ტრადიციების გაუქმებით

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელჩისთვის, რომელიც პასუხს არ სცემს დეპუტატების შეკითხვებს, მას არაფერი აქვს სათქმელი. გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა დღეს პრემიერის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დასავლეთის მისამართით კრიტიკა მართებული არ არის, რადგან ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მტრული უცხოური ძალები. „გერმანიის ელჩს მე არაფერს ვუპასუხებ, იმიტომ, რომ ის არ კადრულობს და ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. უბრალოდ, რადგან დაისვა კითხვა ამ თემაზე, ვისაუბრებ. როცა ელჩი არ კადრულობს, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრის კითხვას პასუხი გასცეს, ესეც სხვათა შორის პრობლემაა. ასე რომ, თუ ისმენს რა რეაგირება გვაქვს, მოისმინოს, რომ პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს უცხოური ძალის წარმომადგენლის პოზიციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – რომელი ქვეყნიდანაც გახლავთ ბატონი ელჩი, იმ ქვეყანაში მოიკითხოს რა ხდებოდა ძალადობრივი აქციების დროს; დაინტერესდეს ვინ უფრო მეტად იბრძოდა ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით – ქართველი, თუ გერმანელი ჯარისკაცები,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 9 აპრილი არ არის სავაჭრო თემა, მითუმეტეს უცხო ქვეყნების მხრიდან. „9 აპრილი არ არის სავაჭრო თემა. 9 აპრილი არის ეროვნული დღესასწაული, რადგან ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღდგა. სხვათა შორის, დღეს რომ ვითომ ზვიად გამსახურდიას იდეაზე საუბრობენ, შევახსენებ მათ გამსახურდიას სიტყვებს, თუ რას ეუბნება ის დეპუტატებს უზენაეს საბჭოში – არ არსებობს არავინ, მათ შორის არც დასავლეთი, არც რომელიმე ქვეყანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს. დეპუტატებმა უნდა მიხედოთ თქვენს ქვეყანას და თქვენ უნდა დაიცვათ საქართველო. ასე რომ, 9 აპრილთან დაკავშირებით მანიპულაციები ერთადერთ რამეზე მეტყველებს – მათ მეტი ძალა აღარ შესწევთ და ცდილობენ ეროვნული დღესასწაულები გამოიყენონ ამ მექანიზმებად. თუ საბჭოთა კავშირის დროს სუვერენიტეტს საბჭოთა ხელისუფლება საბჭოთა ჯარებით ებრძოდა, დღეს სუვერენიტეტს საქართველოში ევროკავშირის ბიუროკრატია ებრძვის დეზინფორმაციით და ტრადიციების გაუქმებით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება