პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბესიკ ბერიტაშვილის მოსმენისას საზოგადოებას მიმართა. „მინდა საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, აბსურდული მეთოდებით იმისთვის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანეიტრალო,“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ბესიკ ბერიტაშვილი და მასთან ერთად რამდენიმე დაზარალებული ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ოპონირებას უწევდნენ. გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ისტორიების მოსმენის ფონზე, უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები უცხოეთიდან არის ინსპირირებული. „თქვენ, თქვენი ბიძაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყველა ადამიანი იყო პოლიტიკურად ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება, აბსურდული მეთოდებით იმისთვის, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანეიტრალო. დღეს კი სულ სხვა რეალობაა – მართლა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებია და ამის შეფუთვა უნდათ ისე, თითქოს ოპონენტები არიან. თქვენ, რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკურ ოპოზიციაში იყავით და ამ დროს, ხდება ის საშინელებები, რასაც აქ ვისმენთ ყველა ერთად. ეს ფაქტი, მეტყველებს იმაზე, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, თავიდან ბოლომდე ინსპირირებულია უცხოეთიდან, რომელიც მხარს უჭერს იმ რეჟიმს, რომლის მსხვერპლებიც მოხვედით და ჰყვებით, რომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იყავით დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტები იყავით ხელისუფლების,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.