fbpx

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან – ირაკლი ღარიბაშვილი

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა, – მის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან გადაცემაში გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც დავით-გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი გაიცნო. „მან მომიყვა ისტორია, რომ 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით-გარეჯის ქედზე. უცებ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენს ბიჭებს უთხრეს, რომ თქვენ ახლა ჩადიხართ ქვევით, იმიტომ, რომ ამ ქედზე უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ვნებათაღელვა და გაუგებრობა, თუ რა ხდება და რატომ. რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს მათ ვერ მიაღწიეს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი იხსენებს, რომ მამა კირიონის თქმით, ეს გაუგებარი და მტრული მდგომარეობა გაგრძელდა 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა.

„არქიმანდრიტმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ. მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ მე გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მას დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დაიწყეს მოძიება და პირველი შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო ის, რომ ვერსად ვერ მიაკვლიეს საფუძველთა საფუძველს.

„ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares