საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ
პირებს აცნობებს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გადააჭარბა გამანაწილებელი ქსელის
პიკური დატვირთვის (890 მგვტ) 12%-იან ზღვარს.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ შესაბამისად,
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არ უნდა
აღემატებოდეს 500 კვტ-ს. ამასთანავე, ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების
ჯამურ დადგმულ სიმძლავრედ განსაზღვრულია განაწილების სისტემის ოპერატორის
წინა წლის პიკური დატვირთვის 14 %.
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ მოთხოვნებიდან
გამომდინარე, შესაბამისი განაწილების სისტემის ოპერატორი ვალდებულია 12%-იანი
დატვირთვის ზღვრის გადაჭარბების შესახებ აცნობოს კომისიას.
წესების შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის 5 დეკემბერს
კომისიაში წარადგინა ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული და მიღებული
განაცხადების თაობაზე. კომპანიის ინფორმაციის შესაბამისად, ამჟამად, სს „ენერგო პრო
ჯორჯიას“ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური
დადგმული სიმძლავრე შეადგენს 81 მგვტ-ს, ხოლო მიღებული განაცხადების სიმძლავრე
(განხილვის ეტაპზე არსებული) 29.5 მგვტ-ია.