ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას:

„მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა  პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.  ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება