საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით,
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1459 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით
97 მეგავატი. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 378
სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1081.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის,
მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს
განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის
გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი
ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს
სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული
შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. სისტემაში ჩართული
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ
მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით.