პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საფრანგეთში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, კანონი, რომელსაც საფრანგეთი იღებს, ეხება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და სანქციები მოიცავს პატიმრობასაც. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ფრანგულ კანონში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ ამას ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს, საფრანგეთი კი წევრი ქვეყანაა. დეპუტატი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ფრანგმა პარლამენტარებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საფრთხე ევროკავშირიდანაც მომდინარეობდა. სუბარის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც დემოკრატიისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად საფრანგეთი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში კი ამ კანონს სანქციებით მუქარა მოჰყვა.
„როცა საფრანგეთი კანონს იღებდა, პირდაპირ თქვეს, რომ ეს არის კანონი რომელიც ამერიკულ FARA-ს და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების შესახებ კანონს ეფუძნება, რაც გულისხმობს გამჭვირვალობის რეესტრის შექმნას, ოღონდ საქართველოსგან განსხვავებით, იგულისხმება არა მხოლოდ ენჯეოები და მედიასაშუალებები, არამედ ყველა სახის იურიდიული პირი და ყველა ინდივიდუალური პირი, რომელმაც შეიძლება უცხოეთიდან მიიღოს დაფინანსება. ამ კანონში ძალიან მკაცრია სანქციები – ნებისმიერი დარღვევისთვის გათვალისწინებულია 6 წლამდე პატიმრობა ან 45 000 ევროდან მილიონ ევრომდე ჯარიმა, ასევე ყველა ანგარიშის დაყადაღება და თვალთვალის დაწყება, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდა ეჭვი პირზე ან ორგანიზაციაზე. ფრანგული კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი და ის ეხება დემოკრატიულ ქვეყნებს და არადემოკრატიულ ქვეყნებსაც. მაგალითად აშშ, კანადა, ავსტრალია, არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს იმიტომ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის წევრია და მათი კანონმდებლობა ამის უფლებას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, განხილვების დროს არაერთმა ფრანგმა პარლამენტარმა თქვა, რომ ევროკავშირიდანაც იგრძნობა საფრთხე. საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ორმაგი სტანდარტი.
“რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს” და რატომღაც, თავი იუპიტერები ჰგონიათ. ვერ მივიღებთ ვერავისგან ასეთ დამოკიდებულებას. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს დემოკრატიის დაცვას ემსახურება, ზუსტად ისე, როგორც ფრანგებმა თავიანთ კანონთან დაკავშირებით თქვეს, რომ ეს ემსახურება ფრანგული დემოკრატიის დაცვას.“-აღნიშნა სუბარმა.