„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აფასებს და აცხადებს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო მათი რიცხვი, ვისაც ეს არ ესმის, მცირეა და ეს დღეს ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობითაც ჩანდა.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე ჯგუფად დაყო ადამიანები, რომლებიც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
„დღეს მესამე მოსმენა იყო პარლამენტში და ის, თუ რამდენი ადამიანი იყო ქუჩაში, მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებამ გაიგო კანონის შინაარსი, მაგრამ არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი – პოლიტიკური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები, რომელთათვისაც მისაღებია ნებისმიერი საბაბი, როცა ფიქრობენ, რომ ახლა შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს შეუქმნას პრობლემა. ისინი იყენებენ ამ საბაბს და ასეთ შემთხვევასთან გვაქვს დღეს საქმე.
არის კიდევ საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს რა წერია კანონში, იმიტომ, რომ თუ გვეუბნება ევროპა და ამერიკა, უნდა დავემორჩილოთ.
არის თუ არა ერთი და იგივე ვითარება საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის? რახან ასე უნდათ, მეც სიამოვნებით გადმოვიტანდი კანონს, რომელიც მოქმედებს დასავლეთის ქვეყნებში. მაგალითად, ფრანგულს, ბრიტანეთში არსებულს, ამერიკაში მოქმედს, სადაც პირდაპირ აგენტი ჰქვია დამრღვევს, სადაც იუსტიცია კი არა, პროკურატურა აკონტროლებს ვითარებას, სადაც 5 წლამდე ციხეა, სადაც არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ ნებისმიერ პირს შეეხება კანონი. რომ ამბობენ კანონი უცხოეთში არასამთავრობოებს არ ეხება და ლობისტებს ეხებაო, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ იგივე Freedom House, Human Rights Watch უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში (ამერიკული Fara -ს მიხედვით) არიან შეყვანილი, ისევე როგორც Amnesty International. ეს მაშინ, როცა ქართული კანონი არ ეხება სტუდენტს, რომელმაც შეიძლება გრანტი მიიღოს, პროფესორს, ლექტორს, რომელმაც შესაძლოა სამეცნიერო საქმიანობისთვის დაფინანსება მიიღოს და ა.შ. ჩვენი კანონი არის გაცილებით რბილი,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეკითხვას, თუ რატომ ხდება ზეწოლა საქართველოზე და არის თუ არა სხვა კონტექსტი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სხვა კონტექსტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არ არის ძლიერი სახელმწიფო.
„ჩვენ არ ვართ ძლიერი სახელმწიფო. სუსტი სახელმწიფო ვართ და ყველას მიაჩნია, რომ ადვილია ჩვენს სუვერენიტეტს დააჭირონ ფეხი სადაც მოუნდებათ და რამდენჯერაც მოუნდებათ; მიაჩნიათ, რომ „რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს“ – ვიღაცას თავი იუპიტერი ჰგონია და ვიღაცას ხარი; როდესაც აფინანსებენ რევოლუციის მოწყობის ტრენინგებს, რა თქმა უნდა, დონორს უნდა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდეს და ამიტომ ცდილობენ, ჩვენ სხვა სტანდარტი მოგვიყენონ.
ერთადერთი, ვისაც ეს არ უნდა უნდოდეს და არ უნდა აწყობდეს, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხია. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდიან, არიან უბრალოდ გამყიდველები, მოღალატეები და აგენტები იმ ქვეყნებისა, საიდანაც ფინანსდებიან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.