რომან კაკულია – ვსაუბრობთ თარგზე, რომელიც შეიძლება ,,ოცნებამაც“ მოირგოს და დააკორექტიროს…

გთავაზობთ იქსნიუსის მიერ გადამუშავებულ ინტერვიუს

,,ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა მოვხაზოთ ის თარგი, რომელიც მისაღები და ადექვატური იქნება იმ ახალი ძალისათვის, რომელმაც უნდა უპასუხოს მომავლის მოთხოვნებს, რასაც ვერ ითვალისწინებენ ეს პატარ-პატარა პარტიები. მთავარია იყოს თარგი – თუ რა არის ის მოთხოვნები, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია და ის ცვლილებები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, უყენებს, საერთოდ, საქართველოს და შემდეგ ეს თარგი შეუძლია ,,ქართულმა ოცნებამაც“ გადაწიოს თავისკენ და დააკორექტიროს.

მთავარი გამოწვევა დღეს არის სწორი ორიენტაცია გარეთ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და ასევე სწორი ორიენტაცია იმასთან დაკავშირებით – როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ ავაშენოთ შიგნით. ყველა ხვდება იმას, რომ დემოკრატიის საწყისი არის განსხვავებული პოზიციისადმი შენი რეალური ტოლერანტობა და არა მხოლოდ შენდამი ტოლერანტობის მოთხოვნა. ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გაგებით მოისმინონ მათთვის მიუღებელი მოსაზრება. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთ რამ, რომ ფაქტები და მოვლენები პოზიციებს არ ცვლიან, რადგან პოზიცია მსოფლმხედველობის ნაყოფია. ამიტომ ერთი და იგივე ფაქტს ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები. სანამ ჩვენ ამას არ მივხვდებით, ჩვენ დემოკრატიაზე საუბარს თავი უნდა დავანებოთ. მომავლის პარტია არის ის პარტია, რომელიც  ამ დიალოგით შემოდის“, – ამბობს რომან კაკულია ,,ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

,,ჩემმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში რომ ჩააბარეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენ ყველა მეგობარს ერთმანეთს ვულოცავთ, რომ შვილები ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. აქ უკვე საუბარი არ არის იმაზე – ჩვენ სად გვინდა, მაგრამ ევროპის თემაზე მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ევროპის ყველაფერზე საუბრობენ, როგორც დადებითზე, ასევე, უარყოფითზე და თანაც ამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ რა ტიპის პრობლემები გვაქვს – დღეს ამაზე მოსაუბრე ადამიანები სჭირდება საზოგადოებას“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

,,როდესაც რუსეთმა უკრაინას ევროკავშირის გამო პრობლემები შეუქმნა, ეს იმის გამო მოხდა, რომ რუსეთისათვის ევროკავშირი, ლიბერალური გარდაქმნები და ნატო იყო ერთი პაკეტის ნაწილი. ის თავისთვის ამ პაკეტს არ შლიდა და თითოეულის გამო ურტყამდა უკრაინას.  

ჩვენ ახლა უნდა გავარკვიოთ – რუსეთმა ჩვენთან მიმართებაში ეს პაკეტი დაშალა თუ ისევ დაუშლელია? ჩვენი ხელისუფლება ამას ბოლომდე ვერ არკვევს და მეც არ მარკვევს ამაში – ეს არის ჩემი ერთადერთი შეკითხვა მათდამი.

ევროკავშირთან მიმართებაში ზუსტად იგივე რეაქციას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, როგორსაც უნდა დავლოდებოდით ნატოს შემთხვევაში? – ეს უნდა დაზუსტდეს რუსეთთან კომუნიკაციით… რატომ არის ეს გამორიცხული, ან ვინ დაუშალა ხელისუფლებას სადმე, მესამე ქვეყანაში ჩავიდეს და ჩამომიტანოს ზუსტად ის ამბავი – ევროკავშირთან მიმართებაში ეს პაკეტი დაიშალა თუ არა?“ – ასეთია რომან კაკულიას შეკითხვა ხელისუფლებისადმი.

ჟურნალისტის შეკითხვას – ,,ევროინტეგრაციისათვის ქართულმა ხელისუფლებამ თანხმობა უნდა აიღოს რუსეთისგან“? – რომან კაკულიამ ასეთი პასუხი გასცა: ,,თანხმობა კი არა, რას უნდა ველოდეთ მისგან – დაზუსტებაა საჭირო… ჩვენ თუ უნდა ვიბრძოლოთ, მაშინ მობილიზაციაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ევროინტეგრაცია მართლაც არის მნიშვნელოვანი… მაშინ ჩვენ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებს უნდა ვაძლიერებდეთ და ჩვენი მოქმედება უნდა იყოს სხვა. გარკვეულობა არის საჭირო, რადგან დასავლეთის დახმარების იმედი არ მაქვს… იმიტომ, რომ ეს დახმარება იქნება ისეთივე, როგორიც არის უკრაინაში დღეს…  უკრაინაში სათანადო დახმარებაა, თქვენი აზრით? უკრაინა დანგრეულია და მომავალში ტერიტორიის დაბრუნების შანსები ძალიან ცოტაა. ჩვენს შემთხვევაშიც, თუ დასავლეთის დახმარება ადექვატური არ არის, მაშინ შევდივართ ისეთ ომში, როგორშიც შევიდა უკრაინა… რა არის აქ გაუგებარი? გვინდა ასეთ ომში შესვლა? თუ გვინდა, მაშინ ვირჩევთ თავგანწირვას  – ამას სახალხო გადაწყვეტილება სჭირდება“! – აღნიშნავს რომან კაკულია.

,,ეს თარგი, რაზეც საუბრობთ, რატომ არ ერგება ,,ოცნებას“ და მესამე ძალა რა შუაშია? – ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის ამ კითხვაზე რომან კაკულიას პასუხი ასეთია: ,,ეს თარგი ოცნებამ შეიძლება თავისკენაც გადასწიოს. ამიტომაც, 2024 წელს, ნახავთ, რომ ,,ოცნება“ იქნება, რომელიც უალტერნატივოდ გაიმარჯვებს. ზუსტად მაგის გამო, რომ  საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ჩემი აზრით, ასე აზროვნებს და ფიქრობს.

,,დასავლეთის მხარდაჭერა ან არის საკმარისი, ან – არა.  თუ საკმარისი არ არის, ჩვენ იძულებულები ვართ – ვეძებოთ ჩვენი ფუნქცია, მათ შორის, საერთო ინტერესების გადაკვეთის წერტილი თუ არსებობს, იქ უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი. ჩინეთის შემოყვანა (კორიდორის გაკეთება) ემსახურება, ჩემი აზრით, ამ მიმართულებას. რადგან ევროპა და ჩინეთი ვერ გაწყვეტენ ერთმანეთთან ურთიერთობებს, რა დონის დაპირისპირებაშიც არ უნდა შევიდეს ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთთან, ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. რუსეთის წინააღმდეგობა ჩვენ შეიძლება ჩინეთით დავაბალანსოთ – ეს ყველაფერი ვიღაცას შეიძლება ზღაპრად ეჩვენება, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს… ჩინეთის შემოყვანას თამაშში ვიღაცები აკრიტიკებენ. ყველას აქვს შეკითხვა – როგორ შეიძლება ჩინეთსა და ამერიკასთან ერთდროულად სტრატეგიული ურთიერთობა? მე კი გეუბნებით, ეს პარტნიორობა შეიძლება დაბალანსდეს ჩვენი ევროპასთან ურთიერთობით, რადგან ევროპა და ჩინეთი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ, როგორც არ უნდა დაუპირისპირდეს ამერიკა ჩინეთს – ეს ნიშაა ჩვენი ურთიერთობის“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება