fbpx

თამარ ჩიბურდანიძე: რომ არა ბოლო 9 წლის განმავლობაში გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკა, ჩვენი მოსახლეობა დღეს განახევრებული იქნებოდა – გარდა ამისა, ლიბერალიზმი დემოგრაფიასთან არათავსებადია

„ხალხის ძალის“ წევრი  და დემოგრაფიული საკითხების ექსპერტი თამარ ჩიბურდანიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე კომენტარს აკეთებს.

„დემოგრაფიულ  მონაცემებს ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და სათავისოდ ხსნის. 

სინამდვილეში კი, არაერთხელ ავხსენით შობადობის კლების ასეთი ტემპი: საქართველო უკვე შევიდა შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში და ეს გაგრძელდება მთელი ერთი დემოგრაფიული თაობა, ხოლო შემდგომი დემოგრაფიული თაობა იქნება აუცილებლად ზრდადი. ეს გამოწვეული იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით მესამე და შემდგომი ახალშობილის ნათლობის შესახებ. 

ასევე, არაერთხელ ავხსენით, თუ რას ნიშნავს შობადობის გარდაუვალი კლების ეტაპი: მე-20 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში დაიბადა 450 000 გოგონა, ხოლო 90-იან წლებში ამის ნახევარი 220 000. იმ პერიოდში დაბადებული გოგონები უკვე შევიდნენ რეპროდუქციულ ასაკში და დაიწყეს შობადობა. განახევრებული დედები ბუნებრივია, განახევრებულ შობადობას მოგვცემენ. 

გარდა ამისა, შობადობის კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დღეს არსებული ლიბერალიზმით ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების დაქვეითება. დემოგრაფია, რომელიც პატრიოტიზმს მოითხოვს, არათავსებადია ლიბერალიზმთან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა, გაიზარდა განქორწინებები და შემცირდა 25 წლამდე ახალგაზრდებში შობადობა. 

ეს ყველაფერი ოჯახის ინსტიტუტის დაკნინებისა და ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების  დაქვეითების შედეგია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შობადობამ იკლო 25 წლამდე ასაკის წყვილებში. ეს ძირითადად ხდება პირველი შვილის ყოლის გადავადების გამო. იკლო ქორწინებათა რაოდენობამაც. 

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს ხდება ახლადშეუღლებულთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ან ახალგაზრდები ვერ ქმნიან ოჯახებს უფულობის გამო. დიახ, არიან ასეთებიც, თუმცა, 
ძირითადი მიზეზი ახალგაზრდებში ქორწინების გარეშე ურთიერთობების, გვიანი ქორწინება და შემდეგ პირველი შვილის ყოლის გადავადება, არის ის დასავლური სტილი, რაც ტრენდული გახდა საქართველოშიც. 

მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ დემოგრაფია სოციალური პოლიტიკის ნაწილია და პირდაპირ ბმაშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მეორე, კიდევ უფრო დიდი ნაწილი ასაბუთებს, რომ დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის კლება მეტწილად ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების დაქვეითების შედეგია. დღეს სწორედ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

საქსტატის მონაცემები საქართველოს ახალგაზრდებში არსებული პრობლემების ერთ-ერთი დასტურია. უცხოური ფულით დაფინანსებული „ფრანკლინის კლუბებით“ და მისი მსგავსი ორგანიზაციებით, ულტრალიბერალიზმის პოპულარიზაცია ხდება საქართველოში, სადაც სწორედ ამ ასაკის ახალგაზრდების პოლიტიკური ზომბირება ხორციელდება. 

რომ არა ჯერ საქართველოს პატრიარქისა და შემდეგ დღევანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკა, ჩვენი მოსახლეობა განახევრებული იქნებოდა. ის, რაც გაკეთდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, შედეგს ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს, ეს არის დემოგრაფიის კანონი და ამას ვერავინ შეცვლის.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს; კიდევ ორი ათეული წელი მოგვიწევს შობადობის კლების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ამ პერიოდში უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება.  

ამჟამად, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში და მთავრობაშიც მიმდინარეობს ახალ დემოგრაფიულ ინიციატივებზე მუშაობა, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას.

ოპოზიციისა და მათ საყურადღებოდ, ვისაც საქართველოს გენოფონდის განადგურება სურს ლიბერალიზმით თუ ომით, მსურს, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოვიყვანო: მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა, გამუდმებული შემოსევებისა და გავრცელებული ეპიდემიების შედეგად, 400 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მე-19  საუკუნის ბოლოს 1 მილიონს გადააჭარბა. ეს ისტორიული ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ფიზიკური უწყვეტობა გარდაუვალია, ანუ, მათი მცდელობა ფუჭია“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება