fbpx

ირაკლი კობახიძე – მილიონი დოლარი დახარჯეს და ისეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, რომელიც სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემდა

მილიონი დოლარი დახარჯეს და ისეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, რომელიც სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი დიაგნოზი, რომელიც სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს მისცემდა. დეტალურად არის გაწერილი, რომელი დიაგნოზი იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს და არც ერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს. ჰყავდათ თავიანთი აქტივისტი, სახალხო დამცველის სახით, თავიანთი აქტივისტი ცენტრ „ემპათიის“ სახით, დამატებით, მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებსა და ლობისტებში, პიარკამპანიაში და მაინც ვერაფერი მოახერხეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში, გამაოგნებელი რამ ხდება, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის საკუთარი ოჯახის წევრებს ნაკლებკალორიული საკვები მიაქვთ და პატიმარი ამის ხარჯზე, შეგნებულად იკლებს წონაში.

„ეს არის ერთადერთი, რაც ხდება და შეგნებულად წონის დაკლება სასამართლოსთვის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათი კამპანია ამაზეა აგებული, რომ პატიმარმა წონაში დაიკლო და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ინტერესი. ანუ, შეგნებულად ხდება დაბალი კალორაჟის მქონე საკვების მიწოდება, რომ პატიმარმა წონაში დაიკლოს და ამის საფუძველზე მოხდეს მისი გათავისუფლება, მაგრამ წარმოდგინეთ, ასეთი პრეცედენტი რომ სახელმწიფომ დაუშვას, 9 000 პატიმარია, 9 000-ვე იშიმშილებს ხვალ და 9 000-ვე გამოვა გარეთ. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის? საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ?“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტზე აქცენტის გაკეთება არასწორია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება