გიორგი კახიანი: რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მხარეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს მოსარჩელე მხარესაც მეტ საშუალებას მისცემს იმისათვის, რომ მათი პოზიციის სიმტკიცე დაანახონ სასამართლოს და საზოგადოებას.

„სასამართლო პროცესი უკვე გადავიდა ახალ ეტაპზე, რომელიც საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე უკვე კითხვების დასმის შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, თავიდან მოსამართლეები უსვამენ მხარეებს კითხვებს. ეს პროცესი გუშინ სხდომაზე დაიწყო და დღეს გაგრძელდება. სასამართლოს მხრიდან რამდენიმე კითხვა იყო დასმული ჩვენს მიმართ და ჩვენ ამ კითხვებს გუშინ გავეცით პასუხი. იმავდროულად ეს პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესის ფარგლებში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს ჩვენი პოზიციები. ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში რა არგუმენტებს ეფუძნება ჩვენი სარჩელი და რით არის იგი დასაბუთებული. გარდა ამისა, ასევე ამ პროცესს შემდგომ მოჰყვება უშუალოდ მხარეებს შორის კითხვები და ესეც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს იმისათვის რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის სიმტკიცე დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებასაც“,-განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე, შეაფასა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები, რასაც „აბსურდული“ უწოდა. კახიანი ფიქრობს, რომ შუამდგომლობები მოპასუხე მხარეს მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით სჭირდება და აღნიშნავს, რომ გაუგებარია პროცესის შუამდგომლობების ეტაპზე დაბრუნება, მაშინ, როდესაც სასამართლომ ეს ეტაპი ორი კვირის წინ გაიარა.

„ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე. არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ მოპასუხე პარტიებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო საქმისათვის. ეს შუამდგომლობები ერთი, ეხებოდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევას და იმავდროულად თავად აღიარებდნენ შუამდგომლობის ავტორები, რომ ფაქტობრივად ეს შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულება არის მოყვანილი და სათითაოდ ყოველი მტკიცებულების გამოკვლევა რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნებოდა და მეორე შუამდგომლობა ასევე, ჩვენი აზრით იყო აბსურდული. ის გულისხმობდა იმას, რომ თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა რომელიმე პარტიას, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადა გადაევადებინა, როგორც თვითონ შუამდგომლობის ავტორები ამბობდნენ, ერთი თვით. რა თქმა უნდა ასეთი პრაქტიკა საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, ფაქტობრივად სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისივე გადაწყვეტილება და ბუნებრივია ასეთი შუამდგომლობა რომელიც თეორიულადაც ვერ დაკმაყოფილდებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება