მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განხორციელებული ღონისძიებები და ელიმინაციის პროცესში არსებული მნიშვნელოვანი შედეგები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ვალიდაციის პროცესს, რომლის მიზანიც C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დასადასტურებლად საჭირო კრიტერიუმებთან საქართველოს მიღწევების შეფასებაა.
მხარეებმა, ასევე ჰეპატიტების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს, ასევეიმსჯელეს ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი ეფუძნება თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, ძლიერ საერთაშორისო პარტნიორობასა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას.
შეხვედრის მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ელიმინაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება.