პროექტის მიზანი ქართველ გმირთა ღვაწლის შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცოდნის გაღრმავება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაა. აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებში ეროვნული თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, მარიამ ლაშხს, კომისიის წევრ რიმა ბერაძეს, პარლამენტის წევრებსა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინიციატივის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული გმირების უკეთ გაცნობაში ეხმარება.
ამავე დღეს, ბათუმის №2 საჯარო სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკაში, თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის მეორე დღე თეატრალიზებულ წარმოდგენებს დაეთმო. თბილისის ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარადგინეს, ხოლო ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს. მოსწავლეებმა ასევე გამართეს პრეზენტაციები საკუთარი სკოლების ისტორიის შესახებ.
პროექტი „გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება.