ფორუმში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო: წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ კომპანიების HR მენეჯერებს, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აქტიური ვაკანსიებისა და დასაქმების პირობების შესახებ.
დასაქმების ფორუმი დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე საქმიანობის, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებს.
ახალციხის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტ „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა.