მსჯავრდებულმა დავითაძემ, სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულ ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც საკვებს არიგებდა, უშვერი სიტყვებით მიმართა და მის მიმართ დიდი აგრესია გამოხატა. მან ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და აგრესიული ქმედებები განახორციელა ციხის თანამშრომლების მიმართ. სწორედ ეს გახდა დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საფუძველი,“ – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი პატარიძის თქმით, დეესკალაციის ოთახში გადაყვანამდე დაწესებულების თანამშრომლებმა მას დისციპლინური სახდელის შესახებ განუმარტეს, თუმცა, ამის მიუხედავად, დავითაძის ქმედება კიდევ უფრო აგრესიული გახდა.
,,დავითაძის მსჯავრდებულთან დაპირისპირების პროცესში მყისიერად ჩაერთვნენ დაწესებულების თანამშრომლები და მას მოუწოდეს, შეეწყვიტა მსგავსი ქმედებები. ასევე გააცნეს შესაბამისი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევებში დისციპლინური სახდელის დაწესების შესახებ. დისციპლინური სახდელი შესაძლებელია, იყოს დაწესებულების მაღაზიაში ვაჭრობის, სატელეფონო ზარის განხორციელების ან პაემნის შეზღუდვა. ამაზე დავითაძეს ჰქონდა აგრესია და უშვერი სიტყვებით მიმართა ციხის თანამშრომლებს. სწორედ ეს გახდა მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანის საფუძველი, რაც მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სურვილი დაცვით. რაც შეეხება დეესკალაციის ოთახში გადაყვანისას დაწესებულების თანამშრომელთა რაოდენობას, ჩვენ არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ პენიტენციური დაწესებულება არის მაღალი რისკის დაწესებულება და, შესაბამისად, თანამშრომელზე თავდასხმის განხორციელების რისკი არის მაღალი, მით უმეტეს, როდესაც პატიმარი აღელვებულია. შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვა ,რა თქმა უნდა, 5 ადამიანის მეშვეობით გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა ვიდრე მაგალითად ორი ან ერთი ადამიანის ჩართულობით,“- განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.