დავით ქართველიშვილი: ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ყველა სივრცე დღემდე „საბოტაჟის მენეჯმენტით“ არის გავსებული

„2014 წლიდან დაწყებული, ქვეყნიდან ბელადის გაქცევის შემდეგ, ნაცკორპორაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საკუთარი მომხრეების ხელისუფლების ყველა შტოში, მედიაში, ბიზნესში მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასიურად მიდიოდა 2013 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებული პროფესიონალების სულ რაღაც წელიწადნახევარში კვლავ ქუჩაში გაყრის პროცესი და ნაცებით გამოთავისუფლებული პოზიციების გამაგრება“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ქსელის ხელშეუხებლობას აკონტროლებდა უხილავი „ობობა“ (ადგილობრივი „დიფ სთეიტი“).

„როდესაც ყოველდღიურად გაცნობებთ იმის შესახებ, თუ რა წინსვლაა ქვეყანაში: ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობისას, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების კუთხით და ა.შ. – მიზნად არ ვისახავ არც მათ უკიდურესად გაღიზიანებას, ვისაც შინაგანი განწყობა „არმაგედონის“ სიხშირეზე აქვს დაყენებული და არც მათი, ვისაც ჰგონია, რომ ობიექტურ პრობლემებს ჯიუტად ვერ ვხედავ. ჩემი მოტივაცია ძალიან მარტივია: სულიერი თვალსაზრისით ვცხოვრობ აბსოლუტური რწმენით, „რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან“, ხოლო ფსიქოლოგიურად – რომ „ჭიქა ნახევრად სავსეა, ვიდრე პირიქით“.

ერთხელ ჩემთან იხუმრეს, რომ ამ უიღბლოებმა (ნაცსექტანტებმა) სამგზის დაპირებულიდან ერთი „ალტერნატიული მთავრობა“ ვერ ჩამოაყალიბეს, მაშინ როდესაც ოცნება იმდენად ნიჭიერია, რომ მთავრობის ერთი შემადგენლობა ან უკვეა მოთავსებული პენიტენციურ სისტემაში, ან დროებით გაქცეულია ქვეყნიდან. ამ ხუმრობის მიღმა კი ოცნების მომხრეთა იმ ნაწილის ბუნებრივი შფოთი და ნერვიულობა ამოვიკითხე, ვისაც ამ უსიამოვნო გარემოების მიღმა, ალბათ, შინაგანი მცირემორწმუნეობის ნიადაგზე, უსაფუძვლო ეჭვები გაუჩნდა: უფლის მიმართ, ბიძინა ივანიშვილის ამ ქვეყნისადმი ურყევი მამულიშვილობის მისამართით ან თვით იმ საზოგადოებასთან დაკავშირებით, რომლის განუყოფელი ნაწილიც თვითონვე არიან.

ყველამ ვიცით ორი კორეის არსებობის თაობაზე: ჩრდილოეთს მართავს „უცოდველი“ დიქტატორი, შემკობილი დაუსჯელობისა და უდანაშაულობის პრეზუმპციებით, ხოლო სამხრეთში არის მზარდი და სტაბილური ეკონომიკის მქონე სისტემა, სადაც უკანასკნელ 20 წელიწადში დაპატიმრებული იყო 3 ექსპრეზიდენტი, 2 ექსპრემიერი და 20-მდე მინისტრი. ამ ორი სისტემიდან რომელი უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ, ან რომელია უფრო სიცოცხლისუნარიანი და პროგრესული? ამიტომ, ამ არგუმენტზე დაყრდნობით, საქართველოში გოდების კედლის აღმართვა სრულიად უადგილოა.

ახლა კი, ყველაზე მთავარს შევეხოთ. ამ მთავარს ჩემი მხრიდან ექნება ერთი ძირითადი მინიშნება: კონკრეტულად და პერსონიფიცირებულად ვინ დგას ამის სათავეში – არ ვიცი!!! მაგრამ, ვიღაც რომ დგას, ეს უეჭველია. 2014 წლიდან დაწყებული, ქვეყნიდან ბელადის გაქცევის შემდეგ, ნაცკორპორაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საკუთარი მომხრეების ხელისუფლების ყველა შტოში, მედიაში, ბიზნესში მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველყოფა. მასიურად მიდიოდა 2013 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებული პროფესიონალების სულ რაღაც წელიწადნახევარში კვლავ ქუჩაში გაყრის პროცესი და ნაცებით გამოთავისუფლებული პოზიციების გამაგრება.

ეს ქსელი ვრცელდებოდა, ვიმეორებ, ხელისუფლების ყველა შტოზე – ადგილობრივიდან დაწყებული, ცენტრალურით დასრულებული, მათ შორის, მედიაზე. ამ ქსელის ხელშეუხებლობას აკონტროლებდა უხილავი „ობობა“ (ადგილობრივი „დიფ სთეიტი“). ამიტომაც ამ ქვეყანაში დღემდე გავსებულია გადაწყვეტილების მიმღები ყველა სახელისუფლებო სივრცე „საბოტაჟის მენეჯმენტით“. ვიმეორებ, ყველგან! მაგრამ მე, მე არ ვიქნებოდი, ფინალი დადებითი რომ არ წარმომეჩინა თქვენთვის. რადგანაც, ჩვენს დარწმუნებას იმაშიც ცდილობენ, რომ: ა) ამ კონტინგენტს ვერ მოვიცილებთ და ბ) რომ მას ვერ ჩავანაცვლებთ.

ამას წინათ ტყუილად არ მომიყვანია ისტორიული ანალოგი, რომ ნიურნბერგის პროცესის შემდგომ, პოსტნაცისტურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 20-23 წელი გახდა საჭირო, ხელისუფლებაში ინერციით მოკალათებული უკანასკნელი კულუარული ფაშისტი რომ მოეცილებინათ. მაგრამ, სადღაც 1968 წლისთვის, მათ ეს მოახერხეს და ნაცისტების შემცვლელი ანტიფაშისტური კონტინგენტიც გამოჩნდა.

შევძლებთ ამას ჩვენც, ვისაც უფლის მიმართ რწმენა არ დაუკარგავს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ურყევი ნდობა გააჩნია და მას უანგაროდ უდგას გვერდში და ვისაც ერთმანეთის პატივისცემა ჯერ კიდევ შეგვრჩენია.

ყველაფერი კარგად იქნება, ნუ მისცემთ მოწინააღმდეგეს თქვენი უსაფუძვლო პანიკით ტკბობის საშუალებას“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება