რამდენიმე თვის წინ, როდესაც კორუმპირებული გრიგოლ ლილუაშვილი დაიჭირეს, ბევრი სკანდალური ამბავი გასკდა. მათ შორის ერთ-ერთი გასაკვირი სიახლე იყო ხაბეიშვილის თანამშრომლობა სუს-თან „ანიტას“ მეტსახელით და ლილუაშვილისგან ქრთამების აღება, – წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში. მისივე ინფორმაციით, ლილუაშვილს და ხაბეიშვილს ნათესაური კავშირიც აქვთ, კერძოდ, სუს-ის ყოფილი უფროსის მეუღლე, ხაბეიშვილის ნათლიის შვილია. როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, უკვე ნათელი გახდა, საიდან მოახერხა ლილუაშვილმა ,,ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება და მისი ქვეყნისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამოყენება. ,,ახლა კი ცნობილი ხდება ლილუაშვილის და ხაბეიშვილის ნათესაური კავშირების შესახებაც, კერძოდ გრიგოლ ლილუაშვილის ცოლი, მაია ჭეიშვილი არის ხაბეიშვილის ნათლიის, თემურ ჭეიშვილის შვილი. ცხადია, ამ კავშირების გარეშეც ცხადი იყო, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი და სუს-ის ყოფილი შეფი ბინძურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მაგრამ ახლა უბრალოდ ნათელია, საიდან და რა გზით მოახერხეს ხაბეიშვილის გადაბირება, მისი დახელფასება და ქვეყნისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ მისი გამოყენება. ერთი მხრივ გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი თანამდებობის პირი ასეთ გაუგონარ სიბინძურეში იყო გახვეული, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგია, რომ ყველაფერი გაირკვა და როგორც ლილუაშვილი, ასევე ნაძირალა ხაბეიშვილი იქ არიან, სადაც მათი ადგილია. ეს კი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს ბოროტი საქმე, რომელიც არ იხილავს დღის სინათლეს!” – წერს შაკო ჩაჩანიძე.