ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

📋

 შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

🏠

 პროექტი მოიცავს სოფელში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების კეთილმოწყობას.

🔨

 გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.

🏛️

 ქვემო მაჩხაანი სიღნაღის უნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სოფელია, რომელიც ძველი განაშენიანებითა და XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილი ისტორიული შენობა-ნაგებობები და ქიზიყისთვის დამახასიათებელი კულტურული გარემო მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ქმნის.

🌿

 სწორედ ამ ისტორიული იერსახის შენარჩუნების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განახლებას, საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და ქვემო მაჩხაანის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება