მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი – „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის – „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა წყლის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას და  საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წყლის რესურსების სწორად მართვისთვის შესაბამისი უწყებების მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან  თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას რეგიონებში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ფორუმში, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა, ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება