ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომატიური მისიის დასასრულს სიმბოლურად დაემთხვა. მისივე თქმით, გერმანიის ნაკრებმა ჩემპიონატზე ისევე უსახურად დაასრულა ასპარეზობა, როგორც ფიშერმა საქართველოში, ამასთან, როგორც ელჩისთვის, ისე ნაკრებისთვის, რიცხვი 41 ნავსიანი აღმოჩნდა. “რა საოცრად დაემთხვა დროში ერთმანეთს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული. თანაც, გერმანიის ნაკრები მუნდიალის 1/16 ფინალიდან ისევე უგერგილოდ და უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. და კიდევ, რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი და უსიამოვნო იყო გერმანიის ელჩ ფიშერისათვის, ასეთივე აღმოჩნდა გერმანიის ნაკრებისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს,” – წერს ხუბუა X-ზე.