ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სხვებს კი – არა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია. დეპუტატის აზრით, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციას არ გაუჩერებენ. სეფაშვილმა განმარტა, რომ საქართველო სჭირდება ევროკავშირს და მაგალითად მოიყვანა საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი:
„თავისუფალი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება შეჩერებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესებს ერგება. ერთი მხრივ, კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ მეორე ხელით ცდილობენ, საქართველო შორს არ გაუშვან. ამაზე მოწმობს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი წყალქვეშა ენერგოგადამცემი კაბელის პროექტისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება“ – განაცხადა სეფაშვილმა.
დეპუტატმა თქვა, რომ პროექტისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება გულისხმობს მისი განხორციელებისთვის დაჩქარებული ღონისძიებების წარმართვას.
„ეს არის ფაშისტური მიდგომა. სწორედ ფაშისტურ გერმანიაში არსებობდა მოსახლეობის მსგავსი სეგრეგაცია. ევრობიუროკრატები ამგვარი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. ვფიქრობ, სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ეს იმდენად აბსურდია, მე დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის პოზიციის მიუხედავად, ევროკომისია არ გაიზიარებს ამ მიდგომას. მეტის იმედიც მექნება- თავისუფალი უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება შეჩერებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ინტერესებს ერგება. ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნება. ერთი მხრივ, კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ მეორე ხელით ცდილობენ, რომ საქართველო შორს არ გაუშვან. ამაზე მოწმობს ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი წყალქვეშა ენერგოგადამცემი კაბელის პროექტს ევროკომისიამ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. რაც გულისხმობს, რომ ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით საჭირო ღონისძიებები დაჩქარებული წესით წარიმართება ევროკავშირის შიგნით“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.