საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეებზე განხორციელებული ორი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერისა” და შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს.
სამიზნე ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონცენტრაციის შესაბამის ბაზრად ერთ შემთხვევაში საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო/სადისტრიბუციო, ხოლო მეორე შემთხვევაში საცალო რეალიზაციის დონე იქნა მიჩნეული.
შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერის“ 20 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის ნაწილში, შესაბამისი ბაზრის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო/სადისტრიბუციო რეალიზაციის დონის საერთო მოცულობამ 16 238 629 534 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 84.73 ერთეულს გაუტოლდა. შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 3 400 იყო. ანალიზმა ცხადყო, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებული იყო და HHI მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ (1250) მაჩვენებელს, ხოლო სამიზნე კომპანიის, შპს „ჰორეკა დელივერის“ საბაზრო წილი მცირე იყო. ამასთანავე, განსახილველ კონცენტრაციაში მონაწილე პირები არ საქმიანობდნენ ერთსა და იმავე, ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ბაზრებზე და, შესაბამისად, კონცენტრაციის დონეც არ იცვლებოდა.
რაც შეეხება შპს „აითიენის“ მიერ შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, ბაზრის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საცალო რეალიზაციის დონის საერთო მოცულობამ 12 144 287 137 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 799.96 ერთეულს გაუტოლდა. შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა ამ შემთხვევაში 5771 იყო. შესაბამისად, ბაზარი ამ შემთხვევაშიც დაბალკონცენტრირებული იყო და HHI მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ მაჩვენებელს, ასევე მცირე იყო სამიზნე კომპანიის – შპს „გასტრონომ საქართველოს“ საბაზრო წილი. კონცენტრაციის ინდექსი შესაბამის ბაზარზე არც ამ შემთხვევაში იცვლებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს პოზიციით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ჯამში, 9 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.