არჩილ ბერიძე: ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისკენ – საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი — თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა — ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და ტრადიციული პარტნიორების გარდა, ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან გააღრმავა თანამშრომლობა. 

„დღეს კი რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს.

საქართველო აგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით — როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან.

ჩვენმა გუნდმა დროულად დაინახა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით — იმ ფონზე, როდესაც მოგვიანებით, ზოგიერთი პირის პარადოქსული განცხადებების მიუხედავად, თავად ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებიც აქტიურად შეუდგნენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე, სულ ახლახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ამ ფონზე მინდა ვკითხო ოპოზიციას — დარჩათ თუ არა მცირედი პასუხისმგებლობის განცდა მაინც იმ პროგნოზებზე, რომლითაც საზოგადოებას ქვეყნის იზოლაციასა და ეკონომიკურ კოლაფსს უწინასწარმეტყველებდნენ?“ – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება