მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს – თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რას იტყვის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შესახებ ამ ოპოზიციისთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენადაა დასუსტებული ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას სახელმწიფო მდივნის მიმართ, ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის, იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე.
მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. საქართველო, სწორედ, ღირსებას იცავდა, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით,“- აღნიშნა პრემიერმა.