აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ,,მინისტრის საათის” ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა.
მინისტრმა 2025 წელს გაწეული საქმიანობის, ასევე 2026 წლის პროექტების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
სამინისტროს 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენდა 116 მილიონ ლარს, 2026 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 119 მილიონი ლარით.
,,2025 წელი უპრეცედენტო იყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტების თვალსაზრისით. 2025-2026 სასწავლო წელს აჭარის რეგიონში 10 000 -ზე მეტი მოსწავლე განახლებულ გარემოში შეხვდა სასწავლო პროცესს. 2025 წელს სწავლა განახლდა სრულად რეაბილიტირებულ ბათუმის N7, სოფელ ხიხაძირის, აგარის, ზემო წინსვლის, ჯიხანჯურის, აჭყვისთავის, ერგეს საჯარო სკოლებში.
2025 წელს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით წარჩინებული სტუდენტისთვის დაწესდა სტიპენდია. 2026 წელს სტიპენდიანტთა რაოდენობა გაორმაგდება და ნაცვლად 150 სტუდენტისა 300 სტუდენტი გახდება სტიპენდიის მფლობელი. ათასზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა 100-მდე სტუდენტს” – განაცხადა მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული ზრდის პროგრამები. იწყება ახალი პროექტები ,,ჩემი დამრიგებელი” და ,,აგრარული განათლების პოპულარიზაცია”.
სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მოპოვებული იქნა 373 მედალი, მათ შორის 110 ოქრო. წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის 2025 წელს გათვალისწინებული იყო ერთჯერადი ფულადი ჯილდო, ჯამურად 1 000 000 ლარის ოდენობით. 2026 წელს გაიზარდა სპორტის სფეროს დაფინანსება.
გასულ წელს ბათუმში ჩატარდა არაერთი მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრი. 2026 წელს, ქალაქმა მეორედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში.
იზრდება ახალგაზრდების ინტერესებისა და ცოდნის რეალიზებაზე ორიენტირებული პროექტების რაოდენობა. 2026 წელს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში 15 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.