სუს-მა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი
ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი
ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების
ფაქტები გამოვლინდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5
პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი
დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და
ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების
გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა 
მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი.

შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან
გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად
გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“  და შპს
„ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი,
აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024,
2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს
არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ
ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების
გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ
სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,
180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის
სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს
მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის
მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს
– კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის
დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და
კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და  შეუქცევადი ხასიათი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება