აჩიკო ბერიძე: საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის, საქართველო არის ღირებულება, ადგილი,სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იმ მძიმე და სამგლოვიარო დღეებში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ, ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებისას სხვადასხვა კონფესიების ადამიანების გულწრფელმა თანადგომამ და ერთიანობამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც სიყვარული ყოველთვის აერთიანებს, ხოლო ქართული საზოგადოების ძალა განსხვავებების პატივისცემაშია.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება. ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი – მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა – კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის.

საქართველო არის ღირებულება, საქართველო არის ადგილი,სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს. ჩვენი ძალა არა განსხვავებებში, არამედ სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემაშია.

ეს არის ის საქართველო, რომელსაც ჩვენი წინაპრები გვიტოვებდნენ – სადაც რწმენა არ ჰყოფს, არამედ აერთიანებს, სადაც ტკივილი საერთოა და თანადგომა – ბუნებრივი. დღეს ჩვენ გვმართებს ეს ერთობა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ განსაცდელის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რადგან ერი, რომელიც ერთმანეთის რწმენას სცემს პატივს, ის ერი ყოველთვის ძლიერია. და სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი სახელმწიფო,“ – განაცხადა ბერიძემ.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მშვიდობის შენარჩუნება იყო არა შემთხვევითი, არამედ, გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც გულისხმობს არა პროვოკაციებსა და ემოციებზე აყოლას, არამედ პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე.

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ბრძანა უწმინდესმა! ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც. 

ჩვენ დავიცავით სარწმუნოება და ეკლესია – მაშინ, როცა არაერთხელ სცადეს მისი შერყევა. და სწორედ მაშინ დავამტკიცეთ, რომ ეკლესიის დაცვა ჩვენთვის არჩევანი კი არა, ერის არსებობის აუცილებლობაა.

ჩვენ ვიცავთ სამშობლოს – ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი. და სწორედ ამ რეალობაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის, არ დაუშვა ახალი ტრაგედია.

ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ჩვენ ავარიდეთ ქვეყანა ომს და ეს არ ყოფილა შემთხვევითი.

ეს იყო გონივრული, გათვლაზე დაფუძნებული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი – პოლიტიკის, რომელიც არ აჰყვა ემოციებს, პროვოკაციებს და არ გასწირა საკუთარი ხალხი პოლიტიკური ქულებისთვის.

და ბოლოს – ადამიანი.

ჩვენი პოლიტიკის ცენტრში დგას ადამიანი – მისი ღირსება, მისი სიცოცხლე, მისი მომავალი. რადგან ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც ადამიანს არ იცავს – არ არის სახელმწიფოებრივი, არამედ, არის შეცდომა.

ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ჩვენს ტრადიციას – იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებითა და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც,“ – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

თორნიკე ფაღავა: 9-წლიანი მმართველობის,  12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის 

9 წლიანი მმართველობის,  12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

უშუალოდ განცხადების გაკეთებამდე თორნიკე ფაღავამ გასული დღეები „შთამბეჭდავ ისტორიულ დღეებად“  შეაფასა, რაც მისი თქმით,  წარმოადგენს მკაფიო პასუხს ქართველი ერის  მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. 

„სანამ უშუალოდ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ უპრეცედენტო ერთობას, რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, აჩვენა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იყო შთამბეჭდავი, ისტორიული დღეები, როცა ყველამ იხილა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია რწმენის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების. 

ეს გახლდათ მკაფიო, მტკიცე პასუხი იმ თავდასხმებსა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ. 

თორნიკე ფაღავას განცხადებით, უკვე წლებია, რაც ოპოზიციის მტრული საქმიანობა გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ. 

„წლებია  გრძელდება მათი მტრული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფების პრაქტიკული განმტკიცებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიეღო, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში,  ოთახ-ოთახ დადიოდა  და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ეს სტატუსი არ მიენიჭებინათ.

მაშინ, როდესაც ომის გეოგრაფიის გაფართოების რეალური საფრთხე არსებობდა, რაც დღემდე რეალურია, ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ძველი, საბჭოთა შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისათვის, რაც დამანგრეველ, გამოუსწორებელ შედეგს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. 

რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, ასევე უტიფრად აბრალებდნენ ჩვენ სამშობლოს, რომ ქვეყანა არის ე.წ შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,  მათ შორის, სულ ახლახან ყულევის პორტთან დაკავშირებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ამ უტიფარი დეზინფორმაციული საერთაშორისო კამპანიის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო მადლობა პარტნიორებისგან, მათ შორის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლისგან, რომელიც საქართველოს მიერ სანქციებთან დაკავშირებით, უმაღლეს დონეზე გამოხატულ ერთგულებასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე მიუთითებს.

დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად დაძაბულია ღიად და სისტემურად აწარმოებენ კამპანიას, თითქოს საქართველოში  ტერორისტების ე.წ სასწავლებელი ფუნქციონირებს. 

არ ვიცი, მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფერს ერთი, კონკრეტული სახელი უწოდო.  არის ეს უსამშობლობა, უცხო ქვეყნის აგენტობა თუ მავნებლობა?! ალბათ სამივე ერთად.

ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზემოთ მოყვანილ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებში იძებნება, მათ შორის არსებობს ოპოზიციონერ ლიდერთა  ვიდეომიმართვები,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ. 

ფაღავას თქმით,  ქართველებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს  ოპოზიცია გაერთიანდება, თუ დაიშლება, რამდენადაც  მათი პოლიტიკური მისწრაფება ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის. 

„დასასრულს მინდა გითხრათ, რომ 9 წლიანი მმართველობის,  12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი  პოლიტიკური მისწრაფება, იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის  და ასე იქნება მუდამ,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება