წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა, საკუთარი ხასიათით, ქცევითა, თუ ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურაც და იდენტობაც, ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ქართველების ერთ მუშტად შეკვრა, სწორედ პატრიარქის სურვილი იყო და მანვე შეაძლებინა ეს ყოველივე ჩვენს ერს.
„პატრიარქის ოცნება იყო ასე ერთ მუშტად შეკრული ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა. ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა, ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა – ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ქცევას, საყოველთაო ზრუნვას და მოწიწებას ერთმანეთის მიმართ.
„მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით, ჩვენს საერთო სევდას, ვისაც რით შეგვეძლო , ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა რომ არ გვეხერხებოდა წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი. ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანი: წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. ჩვენი ერთობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში
წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პატრიარქის ხათრით ყველა ვალდებულია, რომ არ გამოვიდეს იმ სიყვარულის მდგომარეობიდან, რომელშიც ქართველი ერი ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფება.
„წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით. ახლა ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველ დღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა – ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.
წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, თურმე რა მაგრად გვყვარებიხარ, პატრიარქო, მშვიდობით და ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.