“უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად გასახორციელებლად“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციაზე
“არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.
საქართველომ უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში, განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია.
ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.
ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს.
ამ კონტექსტში, შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები.
საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან, 2025 წელს 36 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი გახლავთ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.
ამასთან, წელს დავიწყეთ საგარეო უწყების ფუნდამენტური რეფორმა.
გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საგარეო ასპარეზზე.
დაწყებული რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ყავდეს, რაც შეიძლება ძლიერი, მოქნილი და ეფექტიანი საგარეო სამსახური.
ფუნდამენტური რეფორმის კვლადაკვალ დავიწყეთ საგარეო დახმარების მექანიზმის განვითარება, რაც საქართველოს გლობალლურ არენაზე სრულიად ახალ როლს სძენს და მიმართულია საქართველოს ინტერესების შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.
ჩვენი წარმატებული რეფორმების, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით საქართველო შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა