ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი
განხორციელდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქ. N40ა-ში
იწყება, საცხოვრებელი ფართებით კი ელდარის ქ. N12-ში მცხოვრები მოსახლეობის
ნაწილი დაკმაყოფილდება.
„აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე, 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი
აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ში, ყოფილი 109-ე
სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე, ტერიტორია
შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინამოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ
მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში
აშენდება 7 630 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება: ორი კომერციული
ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად
გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩანაცვლების
პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.