„13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო – საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა,
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია,
მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია“, – ამის შესახებ დედაქალაქის
მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ 13-წლიანი
მმართველობის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.
„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და
ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა
საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე. დანის პირზე
მოგვიწია სიარული – უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ
ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ
მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე
საუბარი, ეს არის მოცემულობა – ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა
უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი
პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე
როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.