პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“
ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაინტერესებული
მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში
განხორციელდება.
„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების
პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების
მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან
თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ
კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში – ციფრული
ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების,
დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, – განაცხადა
კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19
ახალი პროფესიული კურსი.
„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის
სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების
მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების
გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე;
ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების
სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის
გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების
მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული
ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, – აღნიშნა კახა
კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12
000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.
„კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია;
მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე
პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ
მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის,
რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული
სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, – განაცხადა კახა
კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება