ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა წარმატებულად-მიხეილ სარჯველაძე

კერძო მიმწოდებლებისგან, სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 1800 ბენეფიციარი.

პროცესში გამოვლენილი მანკიერების მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო:

კერძო მიმწოდებლისგან გადმოსულმა, დაახლოებით, 200-მა ადამიანმა, პირველივე დღიდან, თითქმის, სამჯერ შემცირებული დოზები მოითხოვა.

რამდენიმე კერძო მიმწოდებლის შემთხვევაში, გამოყენებული საშუალო დოზა, ზოგად მაჩვენებელთან შედარებით, საგრძნობლად მაღალი იყო – მაგალითად, როცა ზოგადი საშუალო დოზა არის 11.5 მილიგრამი, ოთხი მიმწოდებლის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი იყო 15 და ზოგიერთ შემთხვევაში -19 მილიგრამი.

პროგრამაში ჩართულები იყვნენ არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლები – ის, ვისაც კი არ სჭირდებოდა, არამედ შესაძლოა, ხანდახან ჰქონდა ნარკოტიკის მოხმარების სურვილი.

კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის, საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა.

ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას – სამწუხაროდ, ერთი მომხმარებელი რამდენიმე პუნქტში ერთდროულად ღებულობდა ნარკოტიკულ საშუალებას.

მსგავსი პრაქტიკა რადიკალურად დადებითისკენ შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვლება მომავალში. ეს სრულფასოვანი და უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და განხორციელდა.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად.

განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. სამწუხაროდ, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ, მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, პირადად ჩემი თხოვნით, ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე. საბედნიეროდ, მან შეძლო წარმატებულად ამ პროცესის გაძღოლა.

რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად, შეგვიძლია გამოვაცხადოთ კონკურსი, დამატებით სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად – უახლოეს დღეებში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისთვის. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი.

მთელმა ამ პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმა და ის უკვე წარმატებულია.

რეფორმა, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასევე წარმატებულად გაგრძელდება, იმ მწვავე პრობლემის დასამარცხებლად, რასაც ჰქვია ნარკომანია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება