fbpx



6 წლის ბიჭი ლიფტის შახტში ჩავარდა

თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, 6 წლის ბიჭი ლიფტის შახტში ჩავარდა. მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ლიფტის ხელოსანი ამტკიცებს, რომ ლიფტი გამართული იყო და კაბინა არ ჩაწყვეტილა. ბავშვი შახტში, სავარაუდოდ, პირველი სართულიდან ჩავარდა.სარკე ჩამოკიდეს ლიფტში, კიდევ ლინოლიუმი დააგეს და ეს იყო მათი რეაბილიტაცია.

ვარაუდობენ, რომ ბავშვმა ლიფტი გამოიძახა, მაგრამ კარი რომ გაიღო, კაბინა იქ არ დახვდა. ექსპერტული შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს. შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ამბობენ, ბავშვებმა რაღაც წკმუტუნის ხმა გაიგეს, ლეკვი ეგონათ და რომ ნახეს, ბავშვი იყო ჩავარდნილი შახტშიო. სხვა არაფერი ვიცი“, – ამბობს გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მარინე ჭოლაძე და შემდეგ ლიფტების მდგომარეობაზე ლაპარაკობს: „არ ვიცი, ის ლიფტი რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩვენი სადარბაზოს ლიფტი რომ დადის, ისე ძაგძაგებს, ექვსი სართული პირჯვრის წერით ამოვდივარ. რეაბილიტაცია ვითხოვეთ და როცა ფუჭდება, ხელოსანს ვურეკავთ და ამოწმებს, მაგრამ ისე, რომ საფუძვლიანად განეახლებინა ვინმეს, არა“.

მარინე ჭოლაძე ჰყვება, რომ სექტემბერში მათ ლიფტშიც მოხდა ინციდენტი:

„ჩემი და დილით სამსახურში მიდიოდა და მირეკავს გულგახეთქილი. ლიფტი ჩაწყვეტილა ცალი ბაგირით და სადღაც მეორე სართულზე გაჩერებულა. ღვთის მადლით, მაშველი მალე მოვიდა. როგორ გამოვიყვანე, არ იცით, სრული ისტერიკა ჰქონდა. ანალოგიური სხვასაც დაემართა და მერე გაგვაფრთხილეს, არ შეხვიდეთო“.

გლდანის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, ამბობს, რომ ლიფტები, სახურავები და კიბის უჯრედები ამხანაგობებს ეკუთვნით, მაგრამ რადგან მათი რემონტი ძვირი ჯდება, მერია რეაბილიტაციას 100 პროცენტით აფინანსებს. თანხის 3-10 პროცენტი უშუალოდ მობინადრეებმა უნდა მოაგროვონ, თუმცა შემდეგ ეს თანხა ისევ მათი ამხანაგობის ანგარიშზე ჩაირიცხება. გამგეობამ ლიფტის რემონტი რომ დააფინანსოს, მობინადრეების მიმართვაა საჭირო.

„აქ რა მოხდა, არ ვიცი. ახლა მუშაობენ კრიმინალისტები და იტყვიან. ჩვენთვის არ მოუმართავთ ამ ლიფტთან დაკავშირებით“, – ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ წელსაც ათამდე ლიფტი გაარემონტეს.

„ლიფტების მონიტორინგი გამგეობის პრეროგატივა არ არის. ყველა ლიფტს ვიღაც ემსახურება და ამხანაგობა იქნება თუ ამხანაგობის თავმჯდომარე, [ამ საკითხს] ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს“ , – ამბობს ბექა მიქაუტაძე.

თბილისის მერიის მონაცემებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის გამგეობამ – 427, გლდანის გამგეობამ კი 204 ლიფტი შეაკეთა, თუმცა მხოლოდ გლდანში, დაახლოებით, 700 ამხანაგობაა, ანუ ამდენივე კორპუსი. გლდანის დასახლების მშენებლობა 60-იანი წლებიდან დაიწყო და, შესაბამისად, ბევრ ლიფტს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა.წყარო ,,რადიო თავისუფლება,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია