საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა, ჯუმბერ ბუზალაძემ, ქონების მიტაცების ფაქტზე ისაუბრა. ჯუმბერ ბუზალაძე იხსენებს, თუ როგორ მოეწონათ ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას, თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები. „გელა ბარკალაია მოვიდა მოეწონა მასაც მანქანები, ჩემთან უფრო მალე გაიყიდებაო, დავუჯერე. გადავიყვანე ორივე ბარკალაიას ავტოსადგომზე, სანაპიროზე. 2005 წელია. ვხედავ ჩოჩქოლია თანამშრომლების, ეგრევე ჩამომართვეს გასაღებები, უნდა შევამოწმოთო. ურეკავს ერთ-ერთი უფროსი მათი ზემდგომს ეს მანქანა უნდა გადავიყვანოთო. წავედით, გავყევი მეც. მაშინ „სოდი“ იყო წინა მხარეს უყენია ორივე, ვუყურებ ჩემს მანქანას გული გამისკდა. მოდის ბატონი მერაბიშვილი, მოეწონა გადაუსვა ხელი, ეცინება, ერთ მანქანასაც, მეორესაც. დაიწყეს ძიება, შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ჯონდის. გავიგე, რომ ერთს მეუღლისთვის უნდოდა და კოდუას კიდევ ნანუკასთვის“,- განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ. თეა წულუკიანის კითხვაზე თუ საიდან იცის ჯუმბერ ბუზალაძემ, რომ აღნიშნული ტოიოტას მარკის მანქანები ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას თავისი მეუღლეებისთვის თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდათ, მან უპასუხა, რომ მისი დაკითხვა საბურთალოზე „სოდ“-ის შენობაში მიმდინარეობდა, რომლის ხელმძღვანელი იყო ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ერეკლე კოდუა. „ერთ გორელს ჰყავდა ჩემინაირი ტოიოტა შინდისფერი თუ წითელი ფერის, ედავა და ვერ წაართვა, მე მომერია. ნანუკა შემოვარდა გამოძიების დროს ორი ოპერატორით, გადამიღო, მეთქი რა ხდება, სამი ადვოკატი მყავდა ისინი მიხვდნენ ვინც იყო, მე ვერ მივხვდი უცბად. რომელმაც გამომაცხადა რუსთავი 2-ის ტელევიზიაში, რომ ვარ თითქოს იაკუძას მაფიოზებთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და დუბაიდან მომყავს საქართველოში“,-განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ. ბუზალაძის თქმით, მისი ჯანმრთელობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გაანადგურა, დაუსკდა ყურის ბარაბნები, დაემართა შაქარი და გულზე რამდენიმე სტენტირება დასჭირდა. „მე ეს მანქანები განვაბაჟე, ვადა გასდიოდა, რადგან ჯარიმები არ მოსულიყო. რომ წაიყვანეს უკვე განბაჟებული იყო, ორ თანამშრომელი დაიჭირეს, მერე ჩემთან რომ დაიწყეს მაგ თემაზე საუბარი, მე ვუთხარი, რომ სანამ წაიყვანდნენ წინა დღეს განბაჟებული მქონდა, ფული ჩარიცხული იყო სალაროში. რატომ გააკეთეო და იმიტომ, რომ ჯარიმები იყო მაშინ. ბევრი ავადმყოფობა დამემართა, შაქარმა ამიწია, ყურის ბარაბანი გამისკდა ერთი, მეორე ნახევარზე, გულის სტენტირება გამიკეთეს ოთხი“,-განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ. თეა წულუკიანმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა ჯუმბერ ბუზალაძეს: „1 წელი იჯექით ციხეში, ამ მანქანების გამო, რომ ნანული ჟორჟოლიანს და თაკო სალაყაიას ჰყოლოდათ თქვენი მანქანები ამას გვიხსნით?“ რაზეც ბუზალაძემ უპასუხა, რომ 1 წელი იჯდა ციხეში, რასაც მოჰყვა ქონების დაკარგვაც. „1 წელი ვიჯექი ციხეში, ორთაჭალაში. ეს საქმე გახმაურდა, მანქანები კოდუას სამინისტროს დარჩა. დავკარგეთ სახლები მე და ჩემმა ვაჟმა“,-განაცხადა ჯუმბერ ბუზალაძემ.