fbpx

ქართული ინოვაცია “ციფრული უნივერსიტეტი” პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია

“ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.

ევროპის საუკეთესო ინოვაცია Europris-ის ყოველწლიურ მე-13 შეხვედრაზე გამოვლინდა, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა. ღონისძიებას Europris-ის წევრი ქვეყნების პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე.

“ციფრული უნივერსიტეტის” წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა – სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.

„ციფრული უნივერსიტეტი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა. პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

Europris-ის შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხები. ღონისძიება მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის EPTA-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება