სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. ადგილზე ასევე იმყოფება მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური.
რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა არტნის, ახალსოფლის, ჟებოტის, დაბა თიანეთის, დაბა სიონის, ღულელების, ნაქალაქრისა და სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მნიშვნელოვნად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ელექტრო გადამცემი ხაზები, გარე სამყაროს მოწყვიტა დაახლოებით 100-მდე ოჯახი. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ამ დროისთვის ოთხი სოფლის მოსახლეობას უკვე შეუძლია აღდგენილი საავტომობილო გზით სარგებლობა, თუმცა სოფლები – სახევი, ჭიაურა, ჩაბანოს გარკვეული ნაწილი და ნაქალაქარში „აშენებების უბანი“ კვლავ რჩება მოწყვეტილი გარე სამყაროს.
ელექტრო ენერგია შეუწყდა არტნისა და ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს, ასევე ჭურჭელაურებსა და მამადაანებს, საერთო ჯამში, 642 აბონენტს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის პრობლემა რჩება მხოლოდ 5 სოფელში, 88 აბონენტისთვის. კომპანია აგრძელებს სათანადო ღონისძიებების გატარებას.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემები ოპერატიულად აღმოიფხვრას.