სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარიც წარუმატებელი გამოდგა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი პირველი საჩივარი ეხებოდა მის მიმართ გამოტანილ განაჩენს (ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით), რომელიც სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. კერძოდ, 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ პირველი საქმის ფარგლებშიც გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის”) და მათი სანდოობის კუთხით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ დაადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე საჩივარს, ის უკავშირდებოდა გიორგი მამალაძისა და მისი წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის შესაძლო ფარულ მოსმენას, რაც, მამალაძის მტკიცებით, მას ხელს უშლიდა სტრასბურგის სასამართლოში ზემოხსენებული პირველი საჩივრის თავისუფლად წარდგენაში.

2021 წლის 1 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა, რომ თითქოს 2019-2020 წლებში უკანონოდ აკვირდებოდა და აგროვებდა მონაცემებს სასულიერო და სხვა საჯაროდ აქტიური პირების პროფესიული ან/და ინტიმური ცხოვრების შესახებ. გიორგი მამალაძე ამტკიცებდა, რომ ხსენებულ მასალებში მასსა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადების ამსახველი ფაილებიც იყო.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძესა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადებას დაადასტურებდა; ამასთან, მომჩივანმა შეფერხების გარეშე შეძლო ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა და შემდეგ დიდი მოცულობის მასალის გაგზავნა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის თავისუფლად წარდგენის უფლებაზე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება