სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო
მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების
სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე,
გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე
ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა.
მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული
პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა“ მიიღო
მონაწილეობა. მინისტრმა, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში, ოჯახების
გაძლიერების მიზნით ხორციელდება.
„ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და
ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს
ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-
ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და
ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას
ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების
პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია.
პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი
საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას.
სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი
10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების
მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა
ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.
დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის
პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის, დაბალი შობადობის მქონე
რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, ყოველ
ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები, დემოგრაფიული გამოწვევების
საპასუხოდ, შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების
გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად, დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო
დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება
ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის
ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება ქმნის ახალ
გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და

მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე
ორიენტირებული პოლიტიკა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება