სოზარ სუბარი: როდესაც საგამოძიებო კომისიაზე ისმენ, რა წამება გაიარეს ადამიანებმა,ხვდები, რომ„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება არ იყო უბრალოდ სასტიკი რეჟიმი, არამედ, ისინი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები
[მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი ამბები კარგად გვახსოვს], ზოგჯერ, მაინც, გაოცებულები და გაოგნებულები ვართ იმ სისასტიკითა და არაადამიანურობით, რომლის მოსმენაც საგამოძიებო კომისიაზე გვიწევს და [დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც ასეა]“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე ადამიანი ისმენს, რა წამება გაიარა მოქალაქეების ნაწილმა, ხვდება, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება არ იყო უბრალოდ სასტიკი რეჟიმი, არამედ, ისინი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები. „თუნდაც დღეს, ერთ-ერთი ასეთი ისტორია იყო, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ტრაგედიას ასახავდა. საუბარი მაქვს 24 დაპატიმრებულსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც უმძიმესი წამებისა და უსასტიკესი ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ. ლაპარაკია ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე, სადაც გარდა დაკავებული ადამიანებისა, სცემეს ბერებსაც, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ადამიანებს აიძულებდნენ, რომ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებაზე, დასმენაზე, ტყუილზე, თითქოს მათ ზურგს უკან იდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თითქოს მეუფე იობი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მათ აძლევდნენ იარაღს და ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. თითქოს სადღაც, რუსეთში იყო ორი ათასი ქართულად მოლაპარაკე სპეცრაზმელი, რომელიც უნდა შემოეყვანათ საქართველოში და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ამ დროს, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთსაც კი არ იცნობდა. ასეთ წარმოუდგენელ ისტორიებს ვისმენთ. როდესაც ისმენ, რა წამება გაიარეს ამ ადამიანებმა, ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი რამე გააკეთოს, როგორ შეიძლება ადამიანის თავში ასეთი ბოროტება მოიხარშოს, დაიგეგმოს, განხორციელდეს და ხვდები ერთ რამეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ სასტიკი რეჟიმი, არამედ, ესენი იყვნენ ერთად შეკრებილი სადისტები – სადისტები, რომლებსაც სიამოვნებდათ ადამიანების წამება და მკვლელობა. დღეს ვუსმენდით ნიკა გოგუაძეს, კომისიაზე გამოსაკითხად მოსულ ადამიანს, რომელიც ჰყვებოდა, თუ როგორ შეეცვალა სახე ერთ-ერთ მწამებელს, მეგის ქარდავას, როცა მან ბრძანება მიიღო, რომ გეგმა შეიცვალა და გოგუაძე აღარ უნდა მოეკლა. გეგმა შეცვალეს, რადგან იქ ძალიან ბევრი მოწმე იყო, მათ შორის, ბერებიც და ჩათვალეს, რომ ეს მკვლელობა მათთვის მომგებიანი არ იქნებოდა. თორემ, არა მხოლოდ ნიკა გოგუაძის, არამედ, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული. მეგის ქარდავას კი სახე იმიტომ შეეცვალა, რომ გამწარდა, იმ დავალების სისრულეში მოყვანა რომ აღარ შეეძლო, რომლის შესრულებაც მას ძალიან სიამოვნებდა. ხოლო ეს ყველაფერი რომ ერთ სასტიკ ადამიანს, მეგის ქარდავას არ უკავშირდება და [სისტემურია], ჩანს იქიდან, რომ მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით – ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, რომელსაც სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები (ომში რომ თავს ისახელებდნენ, ისინი იღებდნენ) და ასევე, ღირსების ორდენით. სწორედ ღირსების ორდენი და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული მეორე ადამიანს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად „ქილერას“, რომელიც მერვე საპყრობილის დირექტორი იყო. მანამდე კი, ის იყო სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების დირექტორი. ანუ, სამედიცინო დაწესებულების დირექტორად ჰყავდათ კვალიფიციური მწამებელი, მეტსახელად – „ქილერა“. ეს მეტყველებს სააკაშვილის რეჟიმის შინაარსზე. ასევე, ამათთან ერთად არ შემიძლია არ გავიხსენო მეგის ქარდავას ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა. როდესაც მეგის ქარდავა იყო ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე, უფროსი იყო თენგიზ გუნავა, რომლის გვარიც არაერთხელ გაჟღერდა [საგამოძიებოს კომისიის მსვლელობისას გამოკითხულთა მიერ], ისე, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანების წამებებში. ეს ადამიანიც დააჯილდოვა სააკაშვილმა სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით. ხოლო 2012 წელს, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაწერა, რითაც ის საქართველოს პარლამენტში მოხვდა და საკანონმდებლო ორგანოში, 2012-2016 წლებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. ეს იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე – თენგიზ გუნავა არ იყო უბრალოდ პოლიციელი და მწამებელი, ის იყო პოლიტიკოსი და წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს იყო უბედურება. ისევე, როგორც ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო, უფრო სწორად, ძალად გასამხედროებული გენერალი ზაზა გოგავა გვყავდა გამოკითხვაზე დაბარებული – ადამიანი, რომელიც თავს იწონებდა იმით, რომ მან თურმე 2008 წელს კოდორის ხეობაში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში მოსახლეობა დატოვა, რადგან ამის დრო არ ჰქონია და ეს ადამიანი ამ წაგებული ომის შემდეგ გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი კი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ის სასტიკი ისტორიები, რასაც ვისმენთ, არ იყო ერთი და ორი ადამიანის სადისტური ბუნების გამოვლინება, არამედ, ეს იყო რეჟიმის სახე, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.